შელაპარაკება მეუფე იაკობსა და მრევლის წევრს შორის [ვიდეო]

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დღევანდელ ქადაგებაზე 5 ივლისის მოვლენებსა და მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მან ტელევიზიების ნაწილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ადგილი აქვს დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმით მანიპულირების მცდელობას. მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ვითარების ესკალაცია გარდაუვალი იქნებოდა.

„ძალიან სამწუხაროა, გუშინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი, რთულია, როცა უყურებ ადამიანის გასვლას ამ ქვეყნიდან. მართლაც გული დაგვწყვიტა. ერთი რამ მინდა, ვთქვა. უკვე მრავალი წელია, პირდაპირ მიმდინარეობს ძალადობაც, აგრესიაც, ჰომოფობია ადამიანებიდან და ეს ძირითადად მოდის ტელევიზიებიდან, ასევე პოლიტიკოსებიდან. მე თქვენ, ჟურნალისტებს მაგაში ოდნავადაც არ გდებთ ბრალს, მაგრამ ისინი, ვინც ტელევიზიაში ამინდს ქმნიან, ვინც უკვეთავენ, აბსოლუტურად ყველას სინდისზეა ეგ. ყოველთვის მზად ვართ, რომ ქრისტესთვის და სარწმუნოებისთვის, ისე, რომ სხვას ოდნავი ტკივილიც არ მივაყენოთ, მოვკვდეთ ისევე, როგორც პეტრე მოციქული მოკვდა, როგორც პავლე მოციქული. მაგ ცხოვრებისთვის ვართ მზად და არა იმისთვის, რომ გონებადაბნელებულ ხალხს… მაგით გინდათ, ხელისუფლებაში მოხვიდეთ? გეიპროპაგანდის გარდა, არაფერი აღარ არის ქვეყანაზე? ვის ატყუებთ, ვის იცავთ. ამდენი ჟურნალისტი რომ გაილახა, სად იყავით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელ ეპისკოპოსს ქადაგების დროს მრევლის ერთ-ერთმა წევრმა მიმართა.

„თქვენ სად იყავით, ასეთი ქადაგებით შეიძლება, თავისუფლება, დემოკრატია მოიპოვოთ? სად იყავით თქვენ. კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? მე მგონი, ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკანსვლაა, მეტი არაფერი. ჩამქოლეთ, მომისიეთ ეს ხალხი. სად იყო საპატრიარქო, თქვენ თვითონ სად იყავით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მრევლმა.