შეინ როზენტალი - საქართველოს დახმარება მოხდება უკვე არსებული პროექტების ადაპტირებითა და გაძლიერებით
შეინ როზენტალი - საქართველოს დახმარება მოხდება უკვე არსებული პროექტების ადაპტირებითა და გაძლიერებით

აზიის განვითარების ბანკი პანდემიის ფარგლებში საქართველოს დახმარებას უკვე არსებული პროექტების ადაპტირებითა და გაძლიერებით მოახდენს, – ამის შესახებ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ​შეინ როზენტალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში აზიის განვითარების ბანკის ბოლო საპროგნოზო სცენარები განიხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში განვითარებადი სახელმწიფოების მხარდასაჭერად 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აღნიშნული პაკეტის დეტალები განმარტა.

„ეს 6.5 მილიარდი პაკეტი გულისხმობს 3.6 მილიარდ დოლარს სუვერენული ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად, 1.8 მილიარდი მოხმარდება მიმდინარე პროგრამების სტიმულირებას, ბევრი არსებული პროგრამის განვრცობამ შესაძლოა, ეკონომიკურ პრობლემებზე ზეგავლენა მოახდინოს. აზიის განვითარების ბანკი ასევე მობილიზებას გაუკეთებს დახლოებით ერთი მილიარდის შეღავათიან რესურსს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. ხელმისაწვდომი იქნება 40 მილიონი ტექნიკური მხარდაჭერისთვის სწრაფი გრანტების სახით. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბანკი კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, გამოყოს რესურსი კორონავირუსთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. როგორც ადრე ვისაუბრეთ, ეს პირველი პაკეტია, რაც წარმოვადგინეთ. საქართველოსთვის პირველადი პრიორიტეტია ეკონომიკური კუთხით დახმარება. როგორც ადრეც ვისაუბრეთ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი პროგრამების ადაპტირებითა და გაძლიერებით, რომლებიც უკვე მზადების პროცესშია. ამით ჩვენ გვაქვს საშუალება, დავეხმაროთ ბიუჯეტს, რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი ფისკალური ხარვეზები მსგავს სიტუაციებში. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მსგავსი სწრაფი რეაგირება საქართველოში 2008-2009 წლებში, რათა ხელი შეგვეწყო ქვეყნის პოსტკონფლიქტური მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. ეს შეიძლება, იყოს უკვე დაგეგმილი პროექტების დამატებითი კომპონენტი, ენერგეტიკის, გზების მშენებლობის, წყლის რესურსის მართვის, ურბანული განვითარებისა და განათლების სფეროებში. ჩვენ ბევრი აქტიური პაკეტი გვაქვს. გასულ წელს ჩვენ დავადასტურეთ 600 მილიონის გამოყოფა და ეს პროგრამა ჯერ ისევ გრძელდება“, – განაცხადა როზენტალმა.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სწორია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების თაობაზე.

„დისკუსია მქონდა ჩვენს საკვანძო პარტნიორებთან, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მისი შემართებით, გააგრძელოს სამშენებლო პროექტების უმრავლესობა. ეს ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს დიდ ყურადღებას ამ პროექტებზე დასაქმებული ადამიანების მიმართ, რადგან შენარჩუნებული იქნება დასაქმების რესურსიც. ისინი კოორდინირებულად მუშაობენ სახელმწიფოსთან, რათა ადგილზე ყველა საჭირო ზომა დაცული იყოს ვირუსის აფეთქების პრევენციისთვის. ახლა ვმსჯელობთ, იქნება თუ არა ამ პროექტების გაგრძელება შესაძლებელი ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში“, – განაცხადა როზენტალმა.

მისი განმარტებით, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან დახმარება მრავალი მიმართულებით არის შესაძლებელი, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ნაწილში.

„ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვა შესაძლებლობებზე. მაგალითად, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, წარმოების მიმართულებით. გვსურს, კერძო სექტორს ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენაში დავეხმაროთ. გვაქვს დაფინანსების პროგრამა, რომელიც ემსახურება ბანკების გაძლიერებას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით, რადგან ისინი ამ კრიზისის დროს მძიმე დარტყმას ელოდებიან. კონკრეტულად კერძო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში დაანონსდება. ჩვენი გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით. მე მივიღე დღეს ბოლო ცნობები და გაოცებული ვარ, ისეთ ტემპებში მიდის მუშაობა“, – განუცხადა შეინ როზენტალმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი