შეინ როზენტალი - ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად გამოიყურება, ახლა მთავარია, ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა
შეინ როზენტალი - ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად გამოიყურება, ახლა მთავარია, ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა

საქართველო, ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ძალიან კარგად გამოიყურება, ახლა მთავარია, ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირება. ეს არის სიტუაცია, როდესაც პრობლემა კომპლექსურია და მისი გადაჭრა არ უნდა მივანდოთ მხოლოდ სახელმწიფოს, სამართალდამცველებს ან ვინმე სხვას. ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ, რათა ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ავირიდოთ, – ამის შესახებ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ​შეინ როზენტალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში აზიის განვითარების ბანკის ბოლო საპროგნოზო სცენარები განიხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ბანკმა პანდემიის გავლენის სამი შესაძლო სცენარი განიხილა, ყველაზე ოპტიმისტური, საშუალო და ყველაზე პესიმისტური. აღნიშნული სცენარების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდამდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ გლობალურ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0.1-დან 0.4 პროცენტამდე შემცირდება.

საქართველოში ​აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქამდე საქართველო პანდემიის გამოწვევას მრავალ ქვეყანაზე უკეთ გაუმკლავდა და ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ეკონომიკას.

„ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორ გაართმევს თავს, რომ კორონავირუსის გავლენის ფონზე, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ეკონომიკას. სახელმწიფომ მიიღო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო ეფექტური ზომები, შემთხვევები ძალიან დაბალი ინტენსივობით იზრდება, თუმცა მდგრადობა კომპლექსურად მიიღწევა და ამაში ყველა ადამიანს, ვინც სახლში რჩება, წვლილი შეაქვს. წვლილი შეაქვთ მათ, ვინც მეგობრული შეკრებებისგან თავს იკავებს და სოციალურ დისტანციას იცავს, ოჯახის პასუხისმგებლობა ერთმანეთზე ზრუნვა და ხელების ხშირი დაბანაა, განსაკუთრებით გარეთ გასვლის შემთხვევაში. ეს არის სიტუაცია, რომელშიც პრობლემის გადაჭრა არ უნდა მივანდოთ მხოლოდ სახელმწიფოს, სამართალდამცველებს ან ვინმე სხვას. ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ დ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ ის სცენარები, რომელთაც ყველაზე ცუდი დასასრული აქვთ. მე მჯერა, რომ საქართველო რეალურად მოწინავე ქვეყანაა სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ჩვენ ვნახეთ შეზღუდვები და ქვეყანაში ჩასული მგზავრების ტესტირება საკმაოდ ადრეულ ეტაპზე. ასევე, ვნახეთ საგანგებო ზომები დაახლოებით ერთი კვირის წინ. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ კუთხით ძალიან კარგად გამოიყურება. თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება და გააანალიზოს, რომ მათი კონტრიბუცია სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდას ემსახურება“, – განუცხადა შეინ როზენტალმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი