ევროლიგის რეგულარული სეზონის ლიდერის, თურქული „ეფესის“ გამთამაშებელმა შეინ ლარკინმა თურქეთის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკელი კალათბურთელის შესაძლო ნატურალიზაციის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია დადიოდა, ახლა კი ლარკინმა დაადასტურა, რომ მალე მოირგებს თურქეთის ნაკრების ფორმას. ამის შესახებ, მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გევრდზედაწერა.
„ამაყი ვარ, რომ მაქვს ამ ქვეყნის სახელით გამოსვლის შესაძლებლობა. აღფრთოვანება მეუფლება იმის გამო, რომ ჩავიცვამ მაისურს, რომელზეც თურქეთის დროშა იქნება გამოსახული. ჩემთვის ეს დიდად საამაყოა”, – დაწერა ამერიკელმა.
აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ლარკინი ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია და მიმდინარე სეზონში ხუთჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე, აქედან ოთხჯერ – ზედიზედ.
სულ მალე, ამერიკელს მოუწევს თურქეთის ნაკრების დახმარება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე. გუნდი ერთი საგზურისთვის იბრძოლებს საბერძნეთის, კანადის, ჩეხეთის, ჩინეთისა და ურუგვაის ნაკრებებთან. ტურნირი 23-28 ივნისს, კანადაში გაიმართება.