შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოთხი მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ
შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოთხი მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოთხი მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდება.

„დღეს სრულდება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 8 მოძიებული და გადმოსვენებული პირის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდის 2-დღიანი ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც 4 სამხედრო მოსამსახურე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალულ იქნება დიღმის ძმათა სასაფლაოზე, კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, ასევე სათანადო პატივით, დაიკრძალება ფოთში, 3 მშვიდობიანი მოქალაქე კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, გადასვენებულ იქნებიან საგვარეულო სასაფლაოებზე. დღეს, განსაკუთრებით რთული დღეა მათი ოჯახებისთვის, რომელთაც ერთგვარად განუახლდათ უახლოესი ადამიანის დაღუპვით გამოწვეული მოუშუშებელი, სამუდამო ტკივილი, მაგრამ დღეს, ამავდროულად, მათ ერთგვარად შეუმსუბუქდებათ ის 29-წლიანი დარდი, რომელიც ასევე უკავშირდება მათი დაღუპული ახლობლის ხვედრის და ადგილსამყოფელის გაურკვევლობას.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების დახმარების პროცესი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გაგრძელდება აუცილებლად უფრო დიდი ძალისხმევით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი საბოლოო ამოცანა არის და რჩება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, რასაც ჩვენი ბევრი სასახელო თანამემამულე შეეწირა,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი