შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.
უწყების ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, ოპერაციათა თეატრში მანევრული თავდაცვა სიღრმეში და თავდაცვის ძირითად ხაზზე ყველა ხელთარსებული ძალებით მოწინააღმდეგის დამარცხება განხორციელდა. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ასიმეტრიულ ბრძოლაზე გადასვლა, რათა მტრულ ძალებს სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცემოდა.

წვრთნების მიზანი კომბინირებული მოქმედებებით ქვედანაყოფების სინქრონიზაციის ამაღლება, საბრძოლო ვითარებაში სამანევრო ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და ოცეულის/ასეულის დონეზე საბრძოლო მომზადების დაგეგმვის წინაპირობის შექმნა იყო.

სწავლების დასასრულს, ხუთი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო თერთმეტ სამხედროს საპატიო სიგელები გადაეცა და დასავლეთის სარდლის მადლობა გამოეცხადა.

კულმინაციურ სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პირები და ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.