შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები განხორციელდა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები განხორციელდა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმად, პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, – ამის შესახებ ანტიკრიზისულ გეგმაში – „ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე“ არის აღნიშნული.

ანტიკრიზისულ გეგმის დეტალებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

გეგმის თანახმად, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში – წლიური 17 პროცენტის მოცულობით.

„პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50 000 000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4 500 000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 5 000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს“, – აღნიშნულია ანტიკრიზისულ გეგმაში.

ამასთან, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. არსებული წლიური 8 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11 პროცენტს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9 პროცენტისა, იქნება 12 პროცენტი. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 18 პროცენტი.  ასევე ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა  25 000 000 ლარი იქნება. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4 000 000 ლარი (ორი წლის განმავლობაში). პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 პროცენტის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12 პროცენტი იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20 000 000 ლარი. 500 000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში“, – აღნიშნულია გეგმაში.

„შეღავათიანი აგროკრედიტით“ სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. „შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია, მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით – პროექტში ჩართულ ოთხ სალიზინგო კომპანიას.

2020 წელს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბიუჯეტი 74 მლნ ლარია. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროექტისთვის დამატებით გამოიყო 7.5 მლნ ლარი.

ამასთან, ცვლილებები აგროდაზღვევის პროგრამაშიც შევიდა, რომლის თანახმად, პროგრამა სამწლიანი გახდა. მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70 პროცენტით, ხოლო ვაზზე, 50 პროცენტით განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიონ ლარს. მიმდინარე წელს იგეგმება, 15 000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისის გაცემა და 12 000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია, იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა რეესტრში. ფერმერს შეუძლია, დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი, კულტურა. 2020 წლის აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა ფერმერებს შეუძლიათ 2020 წლის 15 აპრილიდან. აგროდაზღვევის პოლისის შესაძენად, ფერმერმა უნდა მიმართონ პროგრამაში ჩართულ შვიდ სადაზღვევო კომპანიას: „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროინს ჯორჯია“, „არდი“, „ალფა“, „თიბისი დაზღვევა“, ნიუვიჟენ დაზღვევა“.