შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპს იწყებს.

ცენტრის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და მათ ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

„მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლის პირველი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში 2026 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმობა.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე გაუძღვება“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე დასწრება შემდეგი ბმულის http://bit.ly/4ntcH5I საშუალებითაა შესაძლებელი.