შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის 22 მაისიდან დაიწყებს.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და მათ ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა, რომელიც საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებს შეეხება, 14:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

მეორე შეხვედრა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოცდასთან დაკავშირებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. მონაწილეები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

„საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები – ლელა ტყეშელაშვილი და ხათუნა მხეიძე გაუძღვებიან.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდის შესახებ ისაუბრებს ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში, წერილობით დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ. დასწრება თავისუფალია“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

შეხვედრაზე დასწრება შემდეგი ბმულის მეშვეობითაა შესაძლებელი: https://bit.ly/4uULzPC.