შედეგიანი დღე NCAA-ში - კოლეჯთა ლიგაში ოთხმა ქართველმა ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
შედეგიანი დღე NCAA-ში - კოლეჯთა ლიგაში ოთხმა ქართველმა ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში დღეს, 1 დეკემბერს გამთენიისას რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

დეტროიტ მერსი“, სადაც 24 წლის ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს, „ნორზისტერნ ჰასკისს“ დაუპირისპირდა და 56-66 დამარცხდა. ისიანმა 21 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთიც ერთხელ დაკარგა. „დეტროიტ მერსი“ ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება – ისიანის გუნდს 6-დან 6 წაგება აქვს და ჰორაიზონის კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

ზურა ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტი“, ამჯერად „ჰიუსტონის“ ძლიერ გუნდს შეხვდა და დიდი სხვაობით 58-99 დამარცხდა. 21 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23 წუთში 8 ქულის, 5 მოხსნისა (2 შეტევაში) და 2 პასის დაგროვება მოახერხა. მან 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, საშუალოდ დისტანციიდან კი 6-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. ჟღენტმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლიც მიიღო. „ნორზვესტერნ სტეიტს“ 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და საუზლენდის კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა.

 

საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, რატი ანდრონიკაშვილის „კრეიტონი“ „ნორზ დაკოტა სტეიტს“ შეხვდა და 25 ქულის სხვაობით, 80-55 მოიგო. 20 წლის კალათბურთელი სათადარიგოდან ჩაერთო და 17 წუთი ითამაშა, რაც ამერიკაში ყოფნის პერიოდში მისი რეკორდია. მან ამ დროში 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა. რატიმ 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საშუალოდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა. „კრეიტონს“ 8 თამაშის შემდეგ, მხოლოდ 1 წაგება აქვს და ბიგ ისტის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

სამიტ ლიგის კონფერენციის „ნორზ დაკოტა“, რომლის ღირსებასაც 21 წლის ცოტნე ცარციძე იცავს Presentation College Saints-ს შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით, 72-55 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. ცოტნემ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ზუსტი იყო და 2-დან ორივე სროლა გამოიყენა. „ნორზ დაკოტას“ 3 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა და თავის 9-გუნდიან კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი