შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, „მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანიას“ და „იან დე ნულს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, „მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანიას“ (GECO) და „იან დე ნულს“ (Jan De Nul) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ანგარიშის თანახმად, დღეს „მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანიის“ გენერალური დირექტორი იუსიფ გაიბოვი ეწვია „იან დე ნულის“ სათავო ოფისს – კომპანიას, რომელიც მსოფლიო ლიდერია ოფშორული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა კაბელების გაყვანის სფეროში. სწორედ „იან დე ნული“ ახორციელებს ანაკლიაში აკვატორიის დაღრმავებას, ტალღმტეხისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
ვიზიტის ფარგლებში, „მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანიის“ ხელმძღვანელმა და „იან დე ნულის“ მფლობელმა, იან პიტერ დე ნულმა, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი განსაზღვრავს თანამშრომლობის ჩარჩოს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის წყალქვეშა ნაწილთან დაკავშირებით; აღნიშნული დერეფანი უზრუნველყოფს განახლებადი ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან და საქართველოდან ევროპაში, შავი ზღვის გავლით.
„მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანია“ არის ერთობლივი საწარმო (Joint Venture), რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიების/გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ.
ერთობლივი საწარმოს დამფუძნებლები/აქციონერები არიან: AzerEnerji (აზერბაიჯანი), საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (GSE) (საქართველო). Transelectrica (რუმინეთი), MVM და MAVIR (უნგრეთი).