შავი ზღვის სანაპიროზე ექვსი ადამიანი გადაარჩინეს - მაშველებმა სპეციალური დრონი გამოიყენეს [ვიდეო]

წყალზე მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ; არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე; არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

დატოვე კომენტარი