შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ​რექტორი თამარ სანიკიძეს შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ​რექტორი თამარ სანიკიძეს შეხვდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ. შედგა თუ არა მათ შორის რაიმე სახის შეთანხმება, მხარეები არ საუბრობენ. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თემაზე სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დიანა მჭედლიშვილი ამბობს, რომ ​გადაწყვეტილება უსამართლოა, როგორც უნივერსიტეტის, მისი თანამშრომლების მიმართ, ასევე სტუდენტებისა და იმ აბიტურიენტების მიმართაც, ვინც წელს აპირებდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა.

„ჩვენ ავტორიზაციის შვიდივე სტანდარტს ვაკმაყოფილებდით, პრობლემა არ ყოფილა. ყველა ექსპერტის მხრიდან, მათ შორის უცხოელი ექსპერტის მხრიდან იყო საკმაოდ დადებითი შეფასება. პრობლემა გახდა ყადაღის თემა, რომელზეც 2013 წლიდან მიმდინარეობს დავა. მაგრამ ამ თემაზე ამჟამად სასამართლო დავაა, პროცესი დასრულებული არ არის და ამის გამო, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ჯარიმა და ყადაღა მოეხსნას უნივერსიტეტს.

ჩვენ ავტორიზაციის საბჭოს წარვუდგინეთ დოკუმენტი, რომ ყადაღის მომთხოვნმა მხარემ – შემოსავლების სამსახურმა ამ ეტაპზე გააუქმა ყადაღა უნივერსიტეტზე და სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 7 ოქტომბერს. შესაბამისად, იმის საშიშროება, რომ რაიმე მატერიალურ რესურსთან დაკავშირებით პრობლემა ყოფილიყო, უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ ანგარიშზე 700 000 ლარის ოდენობის ქვითარიც. ბიუჯეტში გამოყოფილი გვაქვს ეს თანხა. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს თანხა გადასახდელი გვაქვს, ამისთვის მზად ვართ. სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული და ჯარიმის ახლა გადახდა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დიანა მჭედლიშვილმა.

​IBSU-ს სტუდენტები დღეს, 16:00 საათზე განათლების სამინისტროს წინ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით აქციას გეგმავენ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო ერთი წლით შეეზღუდა.