შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლებრივ დავას იწყებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლებრივ დავას იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლებრივ დავას იწყებს, – ამის შესახებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის პირველკურსელების მიღების უფლების შეჩერება არის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი.

უნივერსიტეტის უფლებადამცველის სოსო ბარათაშვილის განცხადებით კი, ამ გადაწყვეტილების უკან გარკვეული დაინტერესებული მხარეები დგანან.

„ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი. ეს ეფუძნება თითქოს იმას, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი აწარმოებს სასამართლო დავას საგადასახადო ინსპექციასთან 700 000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტმა წარუდგინა საბანკო დეპოზიტის ამონაწერი 739 ათასი ლარის ოდენობით და იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნივერსიტეტს დაეკისრება აღნიშნული თანხის გადახდა, დაუყოვნებლივ გადაიხდის ისე, რომ არავითარი ზიანი არ მიადგება რომელიმე სტუდენტს და უნივერსიტეტის ქონებას“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

სოსო ბარათაშვილი ავტორიზაციის საბჭოსგან მოითხოვს, შეაჩეროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

„საბჭოს გადაწყვეტილება არის გარკვეული დაინტერესებული პირების ბიზნეს ინტერესებზე დაფუძნებული, რომელთაც უნდოდათ, უნივერსიტეტი ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში. ამის დოკუმენტაცია და გვარებიც არსებობს. თავს ვიკავებთ გვარების დასახელებისგან. გვინდა, გონს მოეგოს ავტორიზაციის საბჭო და შეცვალოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველასათვის გახდება ცნობილი. ეს მიზანმიმართულია უნივერსიტეტის წართმევისთვის. ბუნებრივია, ყველაფერს მოჰყვება სათანადო რეაქცია. გავასაჩივრებთ ყველა სათანადო წესით სასამართლოში. მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას და თუ დაგვჭირდება, მივმართავთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ვინაიდან ირღვევა განათლებისა და საკუთრების უფლება“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს ბრიტანული კომპანია, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტში წილი შეესყიდათ.

„კომპანიას დღესაც სურს შავი ზღვის უნივერსიტეტში წილის შესყიდვა, მაგრამ თუ ვინმემ შეუშალა ხელი, ეს იყო საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც ურჩევდა შავი ზღვის უნივერსიტეტს, ეს წილი ქართული კომპანიისთვის მიეყიდა. კომპანიის დასახელება ჯერ არ მინდა. ისინი დაჟინებით ურჩევდნენ უნივერსიტეტს, რომ არ გამოვიდოდა უცხოურ კომპანიაზე გაყიდვა და ისევ ქართული კომპანიისთვის მიეყიდათ. ეს ხდებოდა წელს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. თავდაპირველად, საუბარი იყო იმ სკოლებზე, რომელთა ნაწილი მუშაობს, ნაწილი შეჩერებულია, სკოლების ქონებაზე, მაგრამ როდესაც შევიტყეთ მათი წინადადება და ფასები, აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, ჩალის ფასად უნდოდათ უნივერსიტეტის ჩათვლით ამ ყველაფრის მიღება, საუბარია დემირელისა და შაჰინის სკოლაზე, ასევე ქუთაისსა და მარნეულში მდებარე ორ სკოლაზე“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სახალხო დამცველის ოფისში ნინო ლომჯარიასთან უნივერსიტეტის საკითხზე შეხვედრას მართავს.

გუშინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.