შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინფორმატში გაიმართა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინფორმატში გაიმართა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დავით სერგეენკომ, რომელმაც ასამბლეისა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“, „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საპარლამენტო საქმიანობისა და საკანონმდებლო პროცესისა გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის“; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები“.

სხდომის ფარგლებში ასევე, გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.