შავ ზღვაში თევზის მოპოვების კვოტები განისაზღვრა
შავ ზღვაში თევზის მოპოვების კვოტები განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.

„სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისთვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამამუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.