შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია
შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია

შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად არც ერთ დაშავებულთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

„რამდენიმე დღის წინ სამი ქალბატონი პოლიტრამვით შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა, კლინიკურად, სამივესთან იდენტური დიაგნოზები დაისვა. პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრამვის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე მათგანთან გეოდინამიკის მართვის მხრივ. ორ პაციენტს ტრავმის შედეგად, დაზიანებული ჰქონდა გულმკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი. შემოყვანისას სამივე მათგანთან იყო ღრმა კომა, რომელიც 15 ბალიანი ქულიდან ოთხი ქულა იყო. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება, გამოჩნდა გუგის და ტრახეის რეფლექსი, რქოვანას რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება არცერთთან უარყოფითი დინამიკა. ვიმედოვნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც მათ უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს პაციენტების გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.