შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა კრიტიკულია, ორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა კრიტიკულია, ორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ორის მდგომარეობა, რომლებსაც შინაგანი სისხლდენა განუვითარდათ და ამჟამად სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

„გუშინ, ავარიის ადგილიდან გადმოიყავნეს სამი ქალი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, სადაც მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ კვლევები, ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებია. სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა, მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. საშულო ასაკი 25 წელია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი