შარლოტსვილის ტრაგედიის წლისთავზე ვაშინგტონში აქციები გაიმართა
შარლოტსვილის ტრაგედიის წლისთავზე ვაშინგტონში აქციები გაიმართა

შარლოტსვილის ტრაგედიის ერთი წლისთავზე ვაშინგტონში ულტრანაციონალისტებმა და მათმა მოწინააღმდეგეებმა კონტრაქციები გამართეს. აქციებს მცირე ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ულტრანაციონალისტების დემონსტრაციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დაძაბული ვითარების განსამუხტად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ულტრანაციონალისტების მიერ გამართულ აქციას სულ რამდენიმე ათეული პირი დაესწრო.
რაც შეეხება მათ წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას, თეთრი სახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იყო გამკაცრებული. შარლოსტვილში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო 4 პირი დააკავეს. CBS-ის ინფორმაციით, მოგვიანებით ოთხივე პირი გაათავისუფლეს.

გასულ წელს, ვირჯინიის შტატში, ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებისა და კუ კლუქს კლანის წევრების მიერ გამართული დემონსტრაციის პარალელურად მათი საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რაც მალევე გადაიზარდა შეტაკებაში. არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. თეთრკანიანი ნაციონალისტი, 20 წლის ჯეიმს ფილდსი ხალხში ავტომობილით შეიჭრა. შემთხვევის შედეგად აქციაზე მყოფი ჰითერ ჰეიერი დაიღუპა.