შარლოტსვილის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონში ულტრანაციონალისტების მორიგი დემონსტრაცია გაიმართება
შარლოტსვილის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონში ულტრანაციონალისტების მორიგი დემონსტრაცია გაიმართება

შარლოტსვილის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონში ულტრანაციონალისტების მორიგი დემონსტრაცია გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში კონტრაქციაც იგეგმება. რადიკალური მიმდინარეობის წევრების წინააღმდეგ გამოსვლას ათასობით პირი გეგმავს. ისინი შეკრებას თეთრ სახლთან აპირებენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივ პოლიციას ქალაქში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებული აქვს. სამართალდამცავების მთავარი მიზანი კონტრაქციების მონაწილეთა ერთმანეთთან უსაფრთხო დისტანციაზე გაჩერება და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებაა.

გასულ წელს, ვირჯინიის შტატში, ქალაქ შარლოტსვილში მსგავსი კონტრაქციები შეტაკებაში გადაიზარდა. ნეონაცისტებისა და კუ კლუქს კლანის წევრების მიერ გამართული დემონსტრაციის პარალელურად მათი საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რაც მალევე გადაიზარდა შეტაკებაში. არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. თეთრკანიანი ნაციონალისტი, 20 წლის ჯეიმს ფილდსი ხალხში ავტომობილით შეიჭრა. შემთხვევის შედეგად აქციაზე მყოფი ჰითერ ჰეიერი დაიღუპა.

ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ის საშუალებით რასიზმისა და ქსენოფობიის გამომხატველი ნებისმიერი აქტი დაგმო. მან ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

 

დატოვე კომენტარი