შარლ მიშელმა რუს სამხედროებს ბრძოლის ველის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ასეთ სამხედროებს ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავშესაფარიც შესთავაზა
შარლ მიშელმა რუს სამხედროებს ბრძოლის ველის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ასეთ სამხედროებს ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავშესაფარიც შესთავაზა

ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ კრემლზე, უნდა დავხუროთ ყველა ხვრელი და მიზნად ამოვიღოთ სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესება მოუწევს.

„ვფიქრობ, ნავთობსა და გაზზე ზომების მიღება ადრე თუ გვიან საჭირო გახდება“, – აღნიშნა მიშელმა.

როგორც მიშელმა განაცხადა, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის სისასტიკეს უკრაინელი ხალხის მიმართ საზღვარი არ აქვს“.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სისასტიკის შესაჩერებლად. ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს რათა მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ კრემლზე. ჩვენ უნდა დავხუროთ ყველა ხვრელი და მიზნად უნდა ამოვიღოთ სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ სწრაფად, შემდგომი კოორდინირებული ძლიერი სანქციებით. ახალი პაკეტი შეიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ვფიქრობ, ზომები ნავთობსა და გაზზეც კი ადრე თუ გვიან საჭირო იქნება. ჩვენ რუსულ ხომალდებს ევროკავშირის პორტებში შესვლის საშუალებას არ მივცემთ და რუსულ და ბელარუსულ საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორებს შეზღუდვას დავუწესებთ, დავაწესებთ სრულ აკრძალვას ტრანზაქციებზე, რათა კიდევ უფრო მეტად შევასუსტოთ რუსული ფინანსური სისტემა და კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან დიდი შვიდეულიდან“, –  განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა ასევე მოუწოდა რუს სამხედროებს, დაყარონ იარაღი და მიატოვონ ბრძოლის ველი. მიშელის თქმით, ასეთ სამხედროებს ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავშესაფარიც კი შესთავაზა.