შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისშია.

როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია საქართველოში ჩამოსვლით და მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

დატოვე კომენტარი