შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და პარტიებთან
შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და პარტიებთან

კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სტრატეგიული მრჩეველი ​იურეკ კუჩიევიჩი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და ჩართულ პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი ამ ეტაპზე ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს“, – წერს შარლ მიშელის მრჩეველი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.