შარლ მიშელი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
შარლ მიშელი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მხარეები მოლაპრაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან წამოსული ინფორმაცია სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლო ესკალაცია. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დაბრუნება ერთადერთი გზაა“, –  წერს შარლ მიშელი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი