შარლ მიშელი - ვიმედოვნებ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასევე გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის
შარლ მიშელი - ვიმედოვნებ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასევე გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში განსახილველად ბევრი საკითხი აქვს. მისივე თქმით, საბჭო პირველ რიგში, განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკრაინას ეხება.

როგორც შარლ მიშელი ამბობს, უკრაინის მხარდასაჭერად სურთ ფინანსების მობილიზება, ასევე ნაბიჯის გადადგმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტთან მიმართებით.

„დღეს ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ევროპული საბჭო დაიწყებს უკრაინით. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ლიკვიდობას, ჩვენ გვსურს ქვეყნის აღდგენის დაწყება და მხარი დავუჭიროთ მათ. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ელემენტი. ასევე გვსურს, გადავდგათ ნაბიჯი სანქციებთან მიმართებით. უკვე მრავალი კვირაა, სანქციების მეექვსე პაკეტი დევს მაგიდაზე და მნიშვნელოვანია, გადავწყვიტოთ. დრო მოვიდა. ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად და გამოვხატავთ ერთიან პოზიციას ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არ არის მარტივი, რადგან არსებობს სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა წუხილი. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და ვიმედოვნებ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს წევრები კონკრეტულ ზომებს მიიღებენ, რათა დაასრულონ დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთის წიაღისეულ საწვავზე.

„ჩვენ ასევე შევეხებით ენერგეტიკული სექტორს და მივიღებთ კონკრეტულ ზომებს, გადაწყვეტილებებს, რათა დავასრულოთ ჩვენი დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთის წიაღისეულ საწვავზე. ასევე ხვალ გვექნება მნიშვნელოვანი განხილვები თავდაცვასთან დაკავშირებით და სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე. რუსეთის ომის გამო სასურსათო უსაფრთხოება მაღალი რისკის ქვეშაა. ომის, რომლის წარმოებაც რუსეთმა გადაწყვიტა და ამიტომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებთან“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.