შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს - „ადგილი აქვს სუპერავტორიტარულ მმართველობას, ​კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ, არაფერი გაკეთებულა“
შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს - „ადგილი აქვს სუპერავტორიტარულ მმართველობას, ​კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ, არაფერი გაკეთებულა“

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს და კომისიას ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა The Brussels Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შარლ მიშელმა ინტერვიუში მასა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის „ღრმად ფესვგადგმული მტრობა“ გამოავლინა. შარლ მიშელმა ასევე გაიხსენა Sofagate-ის სკანდალი, როდესაც ფონ დერ ლაიენთან ერთად ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ სამიტზე იმყოფებოდა.

„პროტოკოლი იდეალურად იყო დაცული“, – აღნიშნა შარლ მიშელმა და განაცხადა, რომ „ევროკომისიამ ეპიზოდი საკუთარი როლის გასაძლიერებლად გამოიყენა“. კერძოდ, როგორც The Brussels Times-ი წერს, სკანდალი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ორი სავარძელი იყო განთავსებული ერდოღანისა და მიშელისთვის, ფონ დერ ლაიენს კი დივანზე მოუწია დაჯდომა, რაც მედიაში არათანაბარი მოპყრობის გამოხატულებად აღიქვეს.

გამოცემის ცნობით, ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კომისიას უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ზოგიერთი კომისრის გვერდზე გაწევაზე სდებს ბრალს, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენს „ავტორიტარულ მმართველობაში“ ადანაშაულებს.

„დღეს კომისია ცდილობს კონტროლის ხელში აღებას. ეს არ შეესაბამება ხელშეკრულებას“, – აცხადებს მიშელი The Brussels Times-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეაქცია აშშ-ის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე არასაკმარისი და არათანმიმდევრული იყო და მაგალითად მოჰყავს ყოფილი კომისრის, ტიერი ბრეტონის მიმართ კოორდინირებული პასუხის არარსებობა. ინტერვიუში ასევე იხსენებს თავის ლიდერობას ბრიუსელის ტერაქტების, COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში. მიშელის თქმით, ევროპულ კონტექსტში მართალი აღმოჩნდა თავისი ძალისხმევის გამო, რომელიც მიმართული იყო სტრატეგიული ავტონომიის, ენერგეტიკისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი ერთობლივი ვადის დასაწყისიდანვე თითქმის შეუძლებელი იყო ფუნქციური სამუშაო ურთიერთობის დამყარება. მიშელის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან „სისტემატურად უარყოფილი“ იყო მისი წინადადება საერთაშორისო საკითხებზე რეგულარული, პირისპირ საკოორდინაციო შეხვედრების გამართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირის ერთიანი პოზიციით გამოსვლას.

„მის პიროვნებაზე ჩემი აზრი მაქვს. დღეს პიროვნულ თვისებებზე კომენტარის გაკეთება ჩემი განზრახვა არ არის, მაგრამ შემიძლია, გითხრათ: წარსულში არასდროს შემხვედრია ამ დონის სირთულე კოლეგასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. არასდროს. საქმე არა პიროვნულ თვისებებში, არამედ ევროპული პროექტის არსშია“, – აღნიშნავს მიშელი.

შარლ მიშელის განცხადებით, ადგილი აქვს „სუპერავტორიტარულ მმართველობას“ და „ფუნდამენტური შეცდომა სამუშაო პროცესის არსის არასწორ გაგებაშია“.

„კომისრებს აღარანაირი როლი აღარ აქვთ. ფონ დერ ლაიენს ერთიანი ბაზრის დაცვა ევალება. არაფერი გაკეთებულა. ის ფინანსურ ბაზრებზე უნდა მუშაობდეს – არაფერი გაკეთებულა. ამ სფეროში შედეგი ნულია და ეს ტრაგედიაა. მე მკაცრი და სასტიკი ვარ, რადგან ეს შიგნიდან ვნახე“, – განაცხადა შარლ მიშელმა The Brussels Times-თან ინტერვიუში.