შარლ მიშელი - რუსეთს ევროკავშირი და მისი წევრები სხვა მოკავშირეებთან ერთად პასუხს აგებინებენ, ევროპული საბჭო შეიკრიბება დღეს და შეთანხმდება მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტზე
შარლ მიშელი - რუსეთს ევროკავშირი და მისი წევრები სხვა მოკავშირეებთან ერთად პასუხს აგებინებენ, ევროპული საბჭო შეიკრიბება დღეს და შეთანხმდება მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტზე

ევროკავშირი და მისი წევრები სხვა მოკავშირეებთან ერთად რუსეთს პასუხს აგებინებენ, ევროპული საბჭო შეიკრიბება დღეს და შეთანხმდება მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უკრაინისთვის და მისი მოსახლეობისთვის.

„ღამით კატაკლიზმმა შეაზანზარა ევროპა, ვლადიმირ პუტინისა და კრემლის სასტიკმა აგრესიამ ადამიანების წინააღმდეგ, ფართომასშტაბურმა სამხედრო თავდასხმამ უკრაინელ ხალხზე. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა უპრეცედენტოა ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ეს არის თავდასხმა უკრაინის თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოზე და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, კანონის უზენაესობის სისასტიკის უზენაესობით ჩანაცვლება, თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროპაში, ასევე ევროპული კავშირის ფუნდამენტზე, ყველა ევროპელის მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტზე. ევროკავშირი და მისი წევრები სხვა მოკავშირეებთან ერთად რუსეთს პასუხს აგებინებენ. ევროპული საბჭო შეიკრიბება დღეს და შეთანხმდება მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტზე. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უკრაინისთვის და მისი მოსახლეობისთვის. უკრაინულ ქალაქებზე დარტყმები მიიტანეს, უდანაშაულო ადამიანები მოკლეს, კაცები, ქალები, ბავშვები საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ და მათ სჭირდებათ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ისე, როგორც არასდროს. ასევე, განვიხილავთ უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს“, – განაცხადა მიშელმა.

მიშელმა ასევე მიმართა ბელარუსსა და მის ხალხს და განაცხადა,რომ ბელარუსს აქვს არჩევანი, არ გაჰყვეს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს.