შარლ მიშელი - პირველი მიზანი იყო ერთმანეთის მოსმენა, შეხვედრა რომ შედგა, პირველი საინტერესო ნაბიჯია
შარლ მიშელი - პირველი მიზანი იყო ერთმანეთის მოსმენა, შეხვედრა რომ შედგა, პირველი საინტერესო ნაბიჯია

მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პოლიტიკური დიალოგის ჩარჩოში პოლიტიკურ აქტორებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა შეუძლიათ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საღამოს პირველი მიზანი ერთმანეთის მოსმენა იყო, იმაში დარწმუნება, რომ შესაძლებელი იქნება მომდევნო დღეებსა და კვირებში მაგიდის ირგვლივ მეტი ნდობის ქონა. ეს არის უპირველესი მიზანი. ის, რომ ეს შეხვედრა შედგა, პირველი საინტერესო ნაბიჯია. ფაქტი ის არის, რომ ამას დასჭირდა დრო, ეს დავინახეთ. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, ესეც საინტერესო სიგნალია, ასევე ფაქტი, რომ განვიხილეთ კონკრეტული ელემენტები. ჩემი განზრახვა არ არის მოლაპარაკება ზეწოლის ქვეშ. მოლაპარაკება, პოლიტიკური დიალოგის ქონა არის ამ ქვეყნის პოლიტიკური აქტორების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, ითამაშოს პატიოსანი როლი ყველანაირი პოლიტიკური ძალისხმევის მხარდაჭერაში.

„ასევე, მივაწოდოთ იდეები, რათა დავრწმუნდეთ, არსებობს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქართველი ხალხისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პოლიტიკური დიალოგის ჩარჩოში მათ (პოლიტიკურ აქტორებს) ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა შეუძლიათ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.