შარლ მიშელი - კანდიდატი ქვეყნები თუ დაუჭერენ მხარს კანონპროექტებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს არ შეესაბამება, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე
შარლ მიშელი - კანდიდატი ქვეყნები თუ დაუჭერენ მხარს კანონპროექტებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს არ შეესაბამება, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე

მინდა, გარკვევით ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი, რითიც შეასრულა პოსტსაბჭოთა ქვეყნის დიდი ხნის მისწრაფება. შარლ მიშელის თქმით, გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტური და ახლა ბრიუსელი თბილისისგან უფრო მეტ პოზიტიურ სიგნალს ელოდება.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტის გამო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი გაიყინოს, შარლ მიშელი სიღრმეებში არ ჩავიდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, გავლენა ექნება, როგორ შეაფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.

„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები – ისინი, ვისაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ისინი მხარს თუ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებს და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.