შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის, წარადგინოს თურქეთთან თანამშრომლობის კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი
შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის, წარადგინოს თურქეთთან თანამშრომლობის კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი

ევროპულ საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, წარადგინოს თურქეთთან თანამშრომლობის კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ შედგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი მიესალმება თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებებს და ასევე თურქეთში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს.

„ბოლო თვეებში ჩვენ ვიხილეთ დეესკალაციის ნიშნები, რაც არის პოზიტიური განვითარება და უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს. ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ევროკავშირი მზად არის, წარადგინოს კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც სამ საკითხს დაეყრდნობა – ეკონომიკური თანამშრომლობა, მიგრაცია და ხალხებს შორის კონტაქტები. ჩვენ ჩართულობა იქნება პროგრესული, პროპორციული და შექცევადი და ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი დაინახავს შესაძლებლობის ამ ფანჯარას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებები ევროკავშირი თურქეთის ურთიერთობების საკვანძო ნაწილია.

„შარლ მიშელმა და მე მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს ჩვენი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. თურქეთმა უნდა სცეს პატივი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს. მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ, რომ თურქეთმა დატოვა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალებისა და ბავშვების ძალადობისგან დაცვას ითვალისწინებს. ეს არის არასწორი სიგნალი. ევროკავშირი არასდროს იყოყმანებს, მიუთითოს ნეგატიურ განვითარებებზე და ეს ასევე ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა საბერძნეთი და კვიპროსი, ცალმხრივ ქმედებებს. ზაფხულში ჩვენ გვინდა წინ წავიწიოთ ჩვენს შორის ბევრად უკეთესი ურთიერთობებისკენ. ჩვენ ამ გზის დასაწყისში ვართ და უახლოესი კვირები და თვეები აჩვენებს, თუ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ ერთად ამ გზაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისია წარადგენს წინადადებას იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების წინადადებას.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი აფასებს იმას, რომ თურქეთმა შეიფარა ოთხი მილიონი სირიელი ლტოვილი და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება ამ კუთხით გრძელდება.

თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და ანკარას შორის 2016 წლის მიგრაციული შეთანხმება ძალაშია და პოზიტიური შედეგები გამოიღო.

„ველოდებით, რომ თურქეთი შეასრულეს თავის ვალდებულებებს, მათ შორის არალეგალურ მიგრაციის აღკვეთას და საბერძნეთის კუნძულებიდან მიგრანტების დაბრუნების ოპერაციის განახლებას. თავის მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ლტოლვილებისა და მათი მასპინძლების მხარდაჭერას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.