შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში
შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში

ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან. აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებლად“, – აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

„მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მუშაობა რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. ასევე იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება დისკუსიები თანამშრომლობის თაობაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა მიშელმა ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.