შარლ მიშელი - ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს
შარლ მიშელი - ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს

ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

როგორც მიშელი წერს, ნავალნიმ თავისი იდეალებისთვის უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება“, – წერს შარლ მიშელი.

ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.