როლან გაროსის ქალთა ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი გარბინიე მუგურუსა გახდა. ესპანელის მატჩს რუსი მარია შარაპოვას წინააღმდეგ ყველა ინტერესით ელოდა, მაგრამ ბრძოლა ამ შეხვედრაში პრაქტიკულად არ ყოფილა. მუგურუსამ სულ რაღაც საათსა და 13 წუთში გაანადგურა მარია – 6:2, 6:1.
შარაპოვას არც მიღებაზე და არც მოწოდებაზე გამოუვიდა თამაში. მთელი მატჩის განმავლობაში, ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც მეორე სეტის სტარტზე გამოიყენა, მაგრამ ამას მუგურუსას მხრიდან ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება მოჰყვა. თავად ესპანელმა 12 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ნახევარი გამოიყენა.
კიდევ უფრო კატასტროფული იყო შარაპოვას თამაში საკუთარ გეიმებში. პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 54 პროცენტს შეადგენდა, მეორე მოწოდებისას კი რუსმა 26 გათაშებიდან სულ რაღაც 5 მოიგო (19 პროცენტი). გარდა ამისა, ამ მოკლე მატჩში შარაპოვამ 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა და აქედან ექვსი – ორმაგი შეცდომა იყო.
მუგურუსას მეტოქე ნახევარფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპისა და გერმანელი ანჟელიკ კერბერის მატჩში გაირკვევა.