აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის პირველ წრეში მთავარი მატჩი მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომრებს – ამერიკელ სერენა უილიამსსა და რუს მარია შარაპოვას შორის იმართებოდა.
ტრადიციული მეტოქეების რიგით 23-ე დაპირისპირებაში ბრძოლა არ შედგა – უილიამსმა 59 წუთში გაანადგურა შარაპოვა. ამერიკელმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შარაპოვას კი ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება.
საინტერესოა შარაპოვას ერთი სტატისტიკური მონაცემი – რუსმა თავის მეორე მოწოდებაზე ერთი ქულის აღებაც ვერ შეძლო – ათიდან ათი გათამაშება წააგო! მარიამ მხოლოდ ექვსი „ვინერსი“ შეასრულა და 20 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთ შეხვედრებში ანგარიში 21:2 გახდა უილიამსის სასარგებლოდ. სერენას შარაპოვასთვის ბოლო 19 მატჩი ზედიზედ აქვს მოგებული.
მეორე წრეში სერენა უილიამსი თანამემამულე კატრინ მაკნელის შეხვდება.