შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს

საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენება არ ხდება, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების საპასუხოდ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს.

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმდება, ასევე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ შემთვევაში, თუ თავად ვერ ატარებს ღონისძიებას. აქედან გამომდინარე, თუ შეესაბამება რეალობას, შეუძლიათ, თავადაც ჩაატარონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ასეთი რამ სამართლებრივ რეალობაში არ არსებობს “, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების ინფორმაციით, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ჩვენების მიცემას სამი არასრულწლოვანი ბრალდებული ითხოვს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს.