შაქარაშვილის საქმის პროკურორი - თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით გურამ ამირხანაშვილმა განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით გურამ ამირხანაშვილმა განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო და სასამართლომ აღნიშნული ჩვენება უნდა გაიზიაროს.

„მოწმემ რა თქმა უნდა, მოახდინა გარკვეული პირების იდენტიფიცირება. იმ პირების, რომლებიც გამოძიების დროსაც ჰყავდა იდენტიფიცირებული და ამოცნობილი. რაც შეეხება საქმის ფიგურანტ „მერსედესის“ მგზავრებს, ნიკა ჟვანიასთან დაკავშირებით გურამ ამირხანაშვილმა განმარტა, რომ დაინახა როგორ გადმოვიდა ჟვანია „მერსედესიდან“, მძღოლის გვერდითა სავარძლიდან რკინის ხელკეტით, დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს და გიორგი ქათამაძეს, რის შემდეგაც გაიქცნენ. ასევე, დაინახა ჟვანიას გარდა, მანქანიდან გადმოსული სხვა ხუთი პიროვნებაც, მათ შორის გიგა ტატიაშვილი, რომელიც ამოცნობილი ჰყავდა.

ასევე, გურამ ამირხანაშვილმა დაინახა არასრულწოვანი ლ.შ და გიორგი მერაბიშვილი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათ უკან და ტელეფონის ნომერი სთხოვეს, ხოლო შემდეგ  დაედევნენ მათ. დევნა რომ შეჩერდა, მოწმემ დაინახა, რვავე პიროვნება აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გიორგი ქათამაძეს.  რაც შეეხება „ტოიოტა“ ქამრის ეპიზოდს, მოწმემ ნახა მანქანის გაჩერებისთანავე როგორ გადმოვიდა ექვსი პიროვნება. ამირხანაშვილმა მოახდინა ყველა მათგანის სახელითა და გვარით იდენტიფიცირება, მათი აღწერილობა და მიუთითა ყველა ის პირი, ვინც ავტომობილში იმყოფებოდა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში. არჩილ გაგნიძემ მოუწოდა დანარჩენ პირებს, ჩაესვათ მანქანაში, რადგან მისი დატოვება არ შეიძლებოდა და არ დატოვებდნენ იქ. ამის შემდეგაც ამირხანაშვილს ყველა პირმა მიუთითა, რომ ჩამჯდარიყო ავტომობილში. მისი ნება იყო შეზღუდული. ავტომობილის დაძვრისა და გარკვეული მანძილის გადაადგილების შემდეგ ისევ ხიდის მონაკვეთზე, ამირხანაშვილმა კვლავ ითხოვა, გაეჩერებინათ ავტომობილი, რაზეც ავტომობილში მყოფ პირთაგან უარი მიიღო“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეს, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე გიორგი შაქალაშვილთან ერთად იმყოფებოდა, დაკითვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.