შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს
შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, 19 ივნისის წვეულების დიჯეიმ, კონსტანტინე ღიბრაძემ ჩვენება მისცა.

ის მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი პირველი ინციდენტის ეპიზოდში დაზარალებულად არის ცნობილი.

ჩვენების მიცემის შემდეგ, მოწმემ განაცხადა, რომ მან მომხდარი გაიხსენა, თუმცა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება არ მოუხდენია.

„არავინ დამისახელებია, რაც ჩვენებებში მეწერა, ის ვთქვი სასამართლოზეც. კონკრეტულად არც ჩვენებებში მისაუბრია ვინმეს მიმართ ჩემს პრეტენზიაზე, როდესაც ასეთი ამბავია მომხდარი, არ არის სწორი ამაზე საუბარი. ვერ მოვახდინე ვერავის იდენტიფიცირება“, – განაცხადა მოწმემ.

არასრულწლოვების ადვოკატების თქმით, ღიბრაძეს მათ კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს. როგორც დახურულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ ადვოკატებმა აღნიშნეს, მოწმემ თქვა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან გადმოსული პირების გარდა, მაგისტრალზე ორი პირი გადაადგილდებოდა, რომლებიც ჩხუბში ჩაერთნენ.

„მას არ დაუსახელებია გვარები, თქვა, რომ იყო ჩხუბი, რომ ორი პირი ჩხუბში იყო ჩართული. ასევე აღნიშნა, რომ მერსედესიდან გადმოვიდა რამდენიმე ბიჭი“, – განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა.

გარდა ღიბრაძისა, დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, ლერი მჭედლიძე დაიკითხა, რომელიც პროკურორის განმარტებით, მაგისტრალზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როდესაც გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობრებს „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრები თავს დაესხნენ.

პროკურორის თქმით, მოწმემ დაინახა, თუ როგორ გარბოდა სამი პირი მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება ღიბრაძის ჩვენებას, პროკურორის განცხადებით, მან ისაუბრა პირზე, რომელმაც რკინის ხელკეტი მოუქნია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს პიროვნება სრულწლოვნების საქმის ეპიზოდში ბრალდებული მორაგბე ნიკა ჟვანიაა.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, ორი პირი, რომელიც „მერსედესის“ მგზავრებთან ერთად ჩხუბში ჩაერთო და მანამდე ერთ-ერთ დაზარალებულს, გიორგი ქათამაძეს ტელეფონის ნომერი გამოართვა, ბრალდებულები – ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილია.

„ღიბრაძემ ისაუბრა მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ, მათ შორის „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრების თავდასხმის ეპიზოდზე. თქვა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა მოუქნია რკინის საგანი. მოწმეს არ დაუსახელებია სახელები და გვარები, თუმცა ისაუბრა, რომ ორი პირი, რომლებმაც გიორგი ქათამაძეს გამოართვეს ტელეფონი, ჩართულები იყვნენ ჩხუბში ხელებისა და ფეხების ქნევით. მას ამოცნობა არ შეეძლო და თავდაცვის მიზნით დატოვა ტერიტორია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელკეტიანი პიროვნება არის ნიკა ჟვანია, რომელმაც ღიბრაძეს ფეხის არეში მოუქნია ხელკეტი“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

ამ დროისთვის დახურულ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ.