შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე გიორგი ქათამაძე დაიკითხა
შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე გიორგი ქათამაძე დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე მოწმე გიორგი ქათამაძე დაიკითხა.

გიორგი ქათამაძეს, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მგზავრებმა მიაყენეს დაზიანება, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ქათამაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვ, ვინ მიაყენა დაზიანება, ასევე არ ახსოვს, ვინ გამოართვა მას მობილურის ნომერი.

„კონკრეტული პირების იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა, რადგან როდესაც პირველი თავდასხმა განხორციელდა, პირველი დარტყმიდან გაითიშა, შესაბამისად, ვერც ერთი პიროვნების ამოცნობას ვერ შეძლებდა, მანამდე არც ჰქონდათ არანაირი ნაცნობობა. პირადად მას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. პიროვნებამ სთხოვა ნომრების გაცვლა და მაგას ვადასტურებ. ორი ჩვენება აქვს მიცემული გიორგის და იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა ერმილე ჭეიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ქათამაძეს ჰქონდა მძიმე დაზიანებები და ელოდებიან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ერმილე ჭეიშვილი არ გამორიცხავს, რომელიმე პირის მიმართ ბრალი დაზუსტდეს.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ქათამაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მცხეთის ავტომაგისტრალზე, როდესაც ის გიორგი შაქარაშვილთან და თანმხლებ პირებთან ერთად აგარაკის ტერიტორიას ტოვებდა. ჩვენების მიხედვით, მათ თავს დაესხნენ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მგზავრები. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მოწმე გიორგი ქათამაძეს მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა დაზიანებები მიაყენეს.