შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ გიგა ტატიაშვილს არასრულწლოვნების მიმართ მამხილებელი ჩვენება არ მიუცია
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ძიუდოისტს, გიგა ტატიაშვილს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ მამხილებელი ჩვენება არ მიუცია, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებმა გიგა ტატიაშვილის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადეს.
ტატიაშვილს იგივე ბრალდება აქვს შაქარაშვილის საქმეზე, რაც ექვს არასრულწლოვანს, თუმცა გიგა ტატიაშვილისა და მასთან ერთდ ბრალდებული ათი სრულწლოვნის საქმეს სასამართლო ცალკე წარმოებად განიხილავს.
არასრულწლოვნების ადვოკატების თქმით, ტატიაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება არ მომხდარა, რადგან როგორც ტატიაშვილმა განაცხადა, მცხეთაში წვეულების მონაწილეების წამოსაყვანად წავიდა.
„გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ არანაირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება არ მომხდარა. ისინი აგარაკზე წავიდნენ კონკრეტული მიზნით – მანქანებისა და იქ მყოფი პირების წამოსაყვანად, რომლებიც იყვნენ ფეხით და დასაბრუნებლად ტაქსის ფულიც არ ჰქონდათ. შესაბამისად, მათ მიზანს წარმოადგენდა, რომ აღნიშნული პირები უკან წამოეყვანათ. მოწმეს არ დაუსახელებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არც ერთი პირის სახელი და გვარი, რომელიც დაპირისპირებაში იყო დაზარალებულ ქათამაძესთან. მან ზოგადად თქვა, რომ იყო დაპირისპირება. ბრალდების მხარის კითხვაზეც – ვინ განახორციელა ქათამაძეზე ძალადობა, მან უპასუხა, რომ კონკრეტულად არავინ დაუნახავს. გიგა ტატიაშვილს მამხილებელი ჩვენება არავის მიმართ არ მიუცია. მათ ისიც კი არ იცოდნენ, ვინ იყვნენ პირები, რომლებიც ხიდის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათ ჰქონდათ ერთადერთი ინფორმაცია, რომ ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი მოძრაობდნენ ფეხით თბილისის მიმართულებით, ამის გამო ისინი დატრიალდნენ ნატახტარიდან და წამოვიდნენ თბილისის მიმართულებით. დავუსვი კითხვა – იყო თუ არა მოულოდნელი საბურთალოელების, მათ შორის შაქარაშვილისა და ამირხანაშვილის იქ ყოფნა, რაზეც განაცხადა, რომ ეს იყო მოულოდნელი და ამ პირების ლოკაციის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ. ამით გამორიცხულია ძალადობის ორგანიზება“, – განაცხადა ბრალდებული ნ.ც.- ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
კიდევ ერთი ბრალდებულის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის თქმით კი, გიგა ტატიაშვილს არ დაუსახელებია, მაგისტრალის ინციდენტის დროს კონკრეტულად ვინ სცემეს.
„მან თქვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას ხელში რაღაც ხელკეტი ეჭირა. მანვე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში წასვლა სურდა, რათა აგარაკზე კონფლიქტი არ გაგრძელებულიყო, სურვილი გაუჩდა, ეთქვა, თითქოს, ახლო-მახლო პოლიცია იყო, რის შემდეგაც ყველა მანქანაში ჩაჯდა და თბილისში დაბრუნდა. ჟვანიას ხელში რკინის ნაჭერი რომ ეჭირა, ამას არ უარყოფს, მაგრამ ამ რკინის ნაჭრით ჟვანიამ ვინმე სცემაო, ასეთი რამ ტატიაშვილს არ უთქვამს. გიდასტურებთ, ჩვენებაში ნამდვილად არის ტატიაშვილის ნათქვამი, ჩემ გარდა ყველა ურტყამდაო, მაგრამ სასამართლოში ეს არ უთქვამს. ხელკეტი დაადასტურა, მაგრამ ამ ხელკეტით ჟვანიამ ვინმე სცემა, ან ვინ სცემა, არ უთქვამს“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
გიგა ტატიაშვილის დაკითხვა დახურულ სასამართლო სხდომაზე თითქმის ორი საათი გრძელდებოდა. ამ წუთებში ჩვენებას კიდევ ერთი ბრალდებული, სრულწლოვანი მოწმე ნიკა ჟვანია აძლევს.