შაორის ტბაში 600 ცალი ნაკადულის კალმახი გაუშვეს
შაორის ტბაში 600 ცალი ნაკადულის კალმახი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ 600 ცალი „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობა, ნაკადულის მოზრდილი კალმახი ტბა შაორში გაუშვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია „შაორის ტბის“ ერთობლივი პროექტი შაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და რკინა-ბეტონის რვა სპეციალური აუზი. უკვე არის 20 000 ცალზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება.

დატოვე კომენტარი