„შანხაის თანამშრომლობისა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ავღანეთის საკითხს განიხილავენ
„შანხაის თანამშრომლობისა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ავღანეთის საკითხს განიხილავენ

„შანხაის თანამშრომლობისა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ორგანიზაციების წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ავღანეთის საკითხებზე სასაუბროდ ერთმანეთს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეხვდებიან. აღნიშნულის შესახებ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2021 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ დუშანბეში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის თავმჯდომარეობით გაიმართება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა“ და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების პირველი შეხვედრა. შეხვედრისას მხარეები ისაუბრებენ ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, 15 სექტემბერს, დუშანბეში გაიმართება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და თავდაცვის მინისტრების საბჭოების შეხვედრა, ასევე, უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა.

ზემოხსენებულ შეხვედრებზე დაგეგმილია 20-ზე მეტი დოკუმენტის ხელმოწერა.

შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის მოხსენებას სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამის პროექტის მომზადებაზე, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის მონაკვეთის გასაძლიერებლად. აგრეთვე მოისმენენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის მოხსენებას (ოფიციალური ერევნის თავმჯდომარეობისას) პრიორიტეტულ საქმიანობებზე.