„შანელის“ მოდის სახლმა კარლ ლაგერფელდის შემცვლელად ვირჯინი ვიარდი დაასახელა
„შანელის“ მოდის სახლმა კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ მის შემცვლელად ვირჯინი ვიარდი დაასახელა. ვიარდი ლაგერფელდთან 1987 წლიდან მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ლაგერფელდი მას თავის მარჯვენა ხელს უწოდებდა, ვირჯინი ძირითადად, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
„შანელის“ მოდის სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, კარლ ლაგერფელდის ადგილს ვირჯინი ვიარდი დაიკავებს.
კარლ ლაგერფელდი დღეს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. წელს, 22 იანვარს, დიზაინერი პირველად არ დაესწრო პარიზში გამართულ „შანელის“ ჩვენებას. მოდის სახლმა მაშინ განაცხადა, რომ დიზაინერი გადაიღალა.