შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავრობას უმოკლეს ვადაში, შესაძლოა, დღევანდელ სხდომაზე წარედგინოს 
შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავრობას უმოკლეს ვადაში, შესაძლოა, დღევანდელ სხდომაზე წარედგინოს 

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა საქართველოს მთავრობას უმოკლეს ვადაში, შესაძლოა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარედგინოს.

როგორც საპროკურორო საბჭოს სხდომის შემდეგ, საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კანდიდატად თადუმაძის არჩევა საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება იყო.

„ჩემს მიერ შალვა თადუმაძის კანდიდატურა უმოკლეს ვადაში, შეიძლება დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც, წარედგინება საქართველოს მთავრობას. თუ მთავრობა კანდიდატურას მოიწონებს. შალვა თადუმაძე წარდგება პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კენჭისყრაში არ მონაწილეობის და კანდიდატებისთვის კითხვების არდასმის შესახებ თავისი გადაწყვეტილებაც განმარტა.

„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არც შინაარსობრივი კითხვები დამესვა კანდიდატებისთვის და არც კენჭისყრაში მიმეღო მონაწილეობა, ერთი მიზანი ჰქონდა –  მსურდა, ყველას დაენახა, როგორია საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილეობის გარეშე. საპროკურორო საბჭომ დღეს აჩვენა, რომ შალვა თადუმაძის კანდიდატურის მიმართ ერთსულოვანია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ დღეს კენჭისყრის შედეგად შეარჩია. შალვა თადუმაძის კანდიდატურას ხმა კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს 12-ვე წევრმა მისცა. საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან ეკა ბესელია და ოთარ კახიძე სხდომას არ ესწრებოდნენ, თეა წულუკიანს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.