შალვა თადუმაძემ განმარტა, რატომ არიან მისი რეკომენდატორები ირაკლი სესიაშვილი, მაია ცქიტიშვილი და კობა კობალაძე
შალვა თადუმაძემ განმარტა, რატომ არიან მისი რეკომენდატორები ირაკლი სესიაშვილი, მაია ცქიტიშვილი და კობა კობალაძე

ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპატიები არ არის, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

შალვა თადუმაძემ განმარტა, თუ რატომ არიან მისი რეკომენდატორები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. თადუმაძის თქმით, რეკომენდატორების ნაწილში, სამივე ადამიანი, არის ის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იციან მისი კვალიფიკაცია.

„არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული, არც ერთი მათგანი არ არის მმართველ პარტიასთან გაიგივების ნიშნით შერჩეული. მე შემიძლია ეს ლოგიკა დაგანახოთ, რატომ იქნა ეს შერჩეული. ირაკლი სესიაშვილთან ერთად გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და ამ ქვეყანაში, თუ ვინმემ იცის ჩემი კვალიფიკაცია, იცის ირაკლი სესიაშვილმა. ბუნებრივია, არამხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ თვისებები, იმიტომ, რომ მე და ირაკლი ვართ მეგობრები.

კიდევ თუ ვინმემ იცის, რა პროფესიული და ადამიანური შესაძლებლობები გამაჩნია, ეს იცის მაია ცქიტიშვილმა, იმიტომ, რომ მე და მაიამ ერთად ვიმუშავეთ ექვსი წელი მთავრობის ადმინისტრაციაში. ის იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მე ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი. ჩვენ მუშაობის კვეთა გვქონდა ერთმანეთთან. შესაბამისად, მე გარკვეული ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყავდა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტი. მე ვახორციელებდი იმ სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, რომელზეც ქალბატონ მაიას და შემდეგ პრემიერ-მინისტრს ხელი უნდა მოეწერა. შესაბამისად, ქალბატონმა მაიამ იცის ჩემი თვისებები და ჩემო კვალიფიკაცია.

კობა კობალაძე, არის ჩემი მეგობარი, ასევე პარლამენტის წევრი.ის არის ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლოს დარბაზიდან გამომეყვანა, მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპატიები არ არის“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.