შალვა თადუმაძე - რეორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს
შალვა თადუმაძე - რეორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს

მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზი მიმდინარეობს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებები ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება.

ჟურნალისტების კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია კადრების ოპტიმიზაციას, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფუნქციის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის.

რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი.

„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სხვა სამინისტროებში გადავიდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

რეორგანიზაციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 7 მაისის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი