შალვა თადუმაძე - რეფორმის ფარგლებში მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას
შალვა თადუმაძე - რეფორმის ფარგლებში მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას

მთავარი პრობლემა, რაც უწყებაშია, არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, დღეს საბჭოს წარუდგენს იმ ხედვას, რომელიც პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს.

„წარვდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვადგენ იმ ხედვას, რომელიც პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით მაქვს. ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მოიპოვოს ამ უწყებამ და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება”, – განაცხადა თადუმაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. საპროკურორო საბჭო  შალვა თადუმაძის, შალვა შავგულიძის და ნინო გოგნიაშვილს შორის  მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს.