შალვა თადუმაძე - პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს
შალვა თადუმაძე - პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს

არც ერთ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატმა ნინო გოგუაძემ თადუმაძეს მიმართა კითხვით: „რამდენად დამოუკიდებლად გრძნობთ თავს თქვენს პროფესიაში, რადგან თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უკავშირდება და რამდენად შეძლებთ, იყოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მსაჯული?“

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს და პასუხისმგებელია ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ნებისმიერმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურაში მიიღო და არც ერთ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური ნიშნით.

„ბუნებრივია, კარგად იცით, რომ პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს. მესმის, საკმაოდ სერიოზული კითხვებია პროკურატურის ეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ პროკურატურა მოქცეულია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ასეთი შემთხვევა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საქმიანობაშიც, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.