შალვა თადუმაძე პარლამენტს პირველ ანგარიშს 15 მაისამდე წარუდგენს
შალვა თადუმაძე პარლამენტს პირველ ანგარიშს 15 მაისამდე წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ პირველ ანგარიშს წარუდგენს.

ანგარიშის წარდგენის პროცედურა განსაზღვრულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, სადაც აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ასევე პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

რეგლამენტში დაკონკრეტებულია, რომ ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეიცავს.

რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი უწყების საქმიანობას დადგენილებით აფასებს. დადგენილებაში შეიძლება, მითითებული იყოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.