შალვა თადუმაძე გიორგი მშვენიერაძეს - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს 
შალვა თადუმაძე გიორგი მშვენიერაძეს - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს 

არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე, – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს კითხვებზე არ უპასუხა.

„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიზანი ვფიქრობ, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. მათ უნდათ ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, ხოლო შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი კოალიციის მხრიდან“, – განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძემ მშვენიერაძეს უთხრა, რომ ის არ არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

„მე აქ ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კანონით განსაზღვრული წესით და პარლამენტი უფლებამოსილია, შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია. არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები. ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“, – განაცხადა თადუმაძემ.

გიორგი მშვენიერაძეს შალვა თადუმაძესთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა. მათ შორის, მშვემნიერაძეს აინტერესებდა, იმყოფებოდნენ თუ არა პარლამენტში დღეს პროკურატურის თანამშრომლები, რომლებიც იცავენ თადუმაძეს, „და თუკი არიან, ხომ არ არის ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მაშინ, როდესაც თადუმაძე პარლამენტში იყო არა პროკურორი, არამედ როგორც კანდიდატის“. ასევე მშვენიერაძეს კითხვა ჰქონდა, იზიარებს თუ არა შალვა თადუმაძე პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო.

ამასთან, მშვენიერაძეს აინტერესებდა, იზიარებდა თუ არა თეზისს თადუმაძე, რომ კონსტიტუციის განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა და მის მიერ საქმეთა გადაწყვეტისას გაკეთებული ნორმათა განმარტებები სავალდებულო უნდა იყოს თუ არა საერთო სასამართლოსათვის.

მშვენიერაძეს კითხვა ჰქონდა ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებითაც – როდესაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ვლადიმერ ბედუკაძეს, მაშინ რომ ყოფილიყო შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი, გააკეთებდა თუ არა იგივეს.

ამასთან, მშვენიერაძის ერთ-ერთი კითხვა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური სიძულვილის გამოხატვას ეხებოდა.

„მინდოდა, მეკითხა, რომ ბოლო პერიოდში, ძალიან გავრცელებული არის ხელისუფლების მხრიდან, ისმის საუბარი, რომ სოციალურ ქსელებში არის პოლიტიკური სიძულვილის გამოხატვის ძალიან დიდი მასშტაბები. არის ძალინ ბევრი ფეისბუქგვერდი, რომელიც ქმნის ყალბ კონტენტს, ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებით სხვადასხვა არარსებულ სინამდვილეში. თვლით თუ არა, რომ რაიმე რეგულაცია უნდა არსებობდეს და პირველ რიგში, რა ვალდებულებები უნდა ჰქონდეს აქ სახელმწიფოს“,- აღნიშნა მშვენიერაძემ.

დატოვე კომენტარი