შალვა თადუმაძე - დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ევროპული სტანდარტების დამოუკიდებელ უწყებას
შალვა თადუმაძე - დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ევროპული სტანდარტების დამოუკიდებელ უწყებას

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უმასპინძლა.

სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა პროკურორმა უწყებაში ჩატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროკურატურა ევროპელი კოლეგებისათვის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ძალიან დიდი პატივია დღეს წარმოვადგენდე უწყებას, რომელმაც შეძლო უკანასკნელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაეფორმებინა „ევროჯასტთან“. წლების მანძილზე საქართველოს პროკურატურამ ძალიან ბევრი, განვითარებისკენ ორიენტირებული რეფორმა განახორციელა და დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ევროპული სტანდარტების დამოუკიდებელ უწყებას“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

გენერალურმა პროკურორმა გამომძიებლებს და პროკურორებს პროფესიული დღე მიულოცა და მაქსიმალური საპროკურორო დამოუკიდებლობა უსურვა.

„ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე უკანასკნელი წლების განმავლობაში შევძელით რამდენიმე სერიოზული ტრანსნაციონალური დანაშაულის მიმართულებით განგვეხორციელებინა საპროკურორო ზედამხედველობა და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ „ევროჯასტთან“ შეთანხმების გაფორმებიდან ძალიან მალე დავამტკიცეთ, რომ ვართ ძალიან ღირსეული პარტნიორები“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცლებს.